"თავისუფლება მიშას", "თავისუფლება ცომაიას", "თავისუფლება წოწორიებს", - ამ შინაარსის სტენსილები თბილისის ქუჩებში გამოჩნდა. აქტივისტები ლეონიძის ქუჩიდან ბიძინა ივანიშვილის სახლამდე ტერიტორიაზე წერდნენ მიხეილ სააკაშვილისა და მის საქმეზე დაკავებული პირების მხარდამჭერ წარწერებს.
როგორც ამბობენ, მათ ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა და თითო ქუჩაზე რამდენიმე ეკიპაჟი იდგა. ასეთივე წარწერები გამოჩნდა ქუთაისის ქუჩებშიც. ამ დროისთვის თითქმის ყველა წარწერა წაშლილია.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. შსს კი ამტკიცებდა, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
დაპატიმრების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ექსპრეზიდენტს საკანში დღემდე არ აქვს ტელევიზორი და ლეიბი. მათი შეფასებით, ხელისუფლება ყოფითი პირობების გაუარესებით ცდილობს, სააკაშვილს დისკომფორტი შეუქმნას.